„აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია“,- ამის შესახებ გურიაში მყოფმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა დიდთოვლობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია, კობახიძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ.
„ერთერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, მთლიანად იყო გასაწმენდი, მთლიანად იყო მოწყვეტილი ეს და რამდენიმე სოფელი ოზურგეთს, ქალაქს. ღამის განმავლობაში, დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი, შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი. გზის არარსებობის გამო აქ ელექტროენერგიის მოწდებაც არის ჯერ კიდევ შეწყვეტილი, გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს, ენერგოპროსთან გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ…“,- ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, სხვა სოფლებშიც იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რა სამუშაოებიც სოფელ შრომის შემთხვევაში ჩატარდა.
„არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სოფლებში იმისთვის, რომ მოსახლეობა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა, რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიასა და აჭარაში. გართულებულია გზებზე გადაადგილება, შიდა სასოფლო გზები ზოგიერთ სოფელში გაწმენდილი არაა რის გამოც მოსახლეობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მოქალაქეების ნაწილს არ აქვს ელექტრო ენერგია, გაზი და წყალი.
პრობლემები შეიქმნა იმერეთშიც. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტში 149 სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ელექტროენერგია, ნაწილს კი ბუნებრივი აირი.