აქტივების გაყინვა, სავიზო შეზღუდვა - POLITICO-ს ცნობით, კონგრესში „ოცნებაზე" კანონპროექტი მზადდება

პუბლიკა

POLITICO-მ მოიპოვა აშშ-ის კონგრესში წარსადგენი კანონპროექტი, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. მედია წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების” კანონზე, შესაძლოა, გაუყინონ აქტივები და დაუწესონ სამოგზაურო შეზღუდვები.

გამოცემის ცნობით, კანონის პროექტში საუბარია, „ქართული ოცნების” მიმართ გაფრთხილებაზე და აღნიშნულია, რომ თბილისი „ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და სხვა დასავლურ დემოკრატიულ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი ზრდის კავშირებს რუსეთთან, ისევე, როგორც ჩინეთთან”.

POLITICO-ს წყარო ეუბნება, რომ კანონპროექტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენს სამხრეთ კაროლინას შტატის წარმომადგენელი, ჯო უილსონი – „დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვის” ძალისხმევის ფარგლებში, კანონპროექტი მოითხოვს სანქციებს მთავრობის ოფიციალური პირებისა და მათ წინააღმდეგ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრიათ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა თუ უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა თუ მის დაზიანებაში.

პროექტში შეთავაზებულია სავიზო შეზღუდვები იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობის” მიღებაზე.

ამასთან, გათვალისწინებულია შეზღუდვები სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიმართ – სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების პროტესტს ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლით, ცემითა და დაკავებებით უპასუხა.

მანამდე მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ, სადაც ასევე საუბარია ჯო უილსონის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, სადაც გათვალისწინებული იქნება „რუსულ კანონზე” პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესება.