აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს „ოცნების” მხარდამჭერი ბექა გოცირიძე თავს დაესხა.
მარიამ მეყანწიშვილის „პუბლიკას” უყვება, რომ ბექა გოცირიძემ მას გუშინ მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო მარშის პარალელურად კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობდა, სიგარეტის ნამწვი ესროლა და ხელი დაარტყა.
„გუშინ ჩვენ მარში გვქონდა მელიქიშვილიდან და აღმოჩნდა, რომ თურმე გახსნა ჰქონდათ პარტიული ოფისის, ბუნაგის, რომელიც მოღალატეებით არის სავსე. მელიქიშვილზე მივედი, დაახლოებით, 25-30 წუთით ადრე – აღმოვჩნდი გაუგებრობაში, იმიტომ, რომ ვერ ვიცანი ხალხი. მაგ ოფისთან რომ გავიარე, ვნახე, რომ „ქართული ოცნების”, მაგ მოღალატეების ოფისი იყო და დავინახე ბექა გოცირიძე, რომელიც 31 ივლისს აქციის მონაწილეებს დაესხა თავს და შემდგომ თავად იჩივლა ისევ, ორი ბიჭი დააჭერინა: თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.
უფლება მქონდა, მეკითხა, „ის პირი არა ხარ, რომელმაც 31 ივლისს აქციის მონაწილეებზე თავდასხმა განიზრახე და აქით იჩივლე, პოლიციასთან დაასმინე ეს ბიჭები, იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვიცავდი იმ ძალისგან, რომლითაც შენ აქციაზე იყავი წარმოდგენილი?”. ჩავრთე კამერა თავდაცვის მიზნით, იმიტომ, რომ მარტო ვიყავი და სადღაც დაახლოებით 150 კაცამდე იყო იქ თავისი ტიტუშკებიანად. კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული და არ მქონდა მათი იმედი, ჩავრთე კამერა.
კამერაში დაფიქსირებული მაქვს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მიშვერილი მქონდა, რაღა თქმა უნდა, კამერა – ერთხელ მესროლა სიგარეტის ნამწვი და მეორედ მარტყამს ხელს და კამერა მიბრუნდება. დაბეჟილობა მაქვს მარცხენა მხარეს და მარცხენა ხელზე მაქვს დაბეჟილობები”, – აღნიშნავს ის თავდასხმის დეტალებზე საუბრის დროს.
მარიამ მეყანწიშვილი მიუთითებს, რომ ადგილზე მობილიზებულ კრიმინალურ პოლიციას არ ჰქონია რეაგირება – ამის ნაცვლად, მათ თავდამსხმელი, ბექა გოცირიძე შენობაში „შეაცილეს”.
„სასწრაფო გამოვიძახე, კრიმინალური პოლიცია დამადგა თავზე, რეაგირება არ ჰქონია. კამერაშიც ვეუბნები, რომ ხელით შემეხო და რატომ არ აკავებთ. გააცილეს და შეაცილეს ბუნაგში, შემდეგ გადავინაცვლე საპატრულო პოლიციასთან, გავაკეთე 112-ში შეტყობინება”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ დაჰკავშირებია საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები და აპირებს, რომ თავდასხმის შესახებ პროკურატურაში განაცხადოს.
„დღემდე არავინ არ დამკავშირებია დღეს თუ არ მომაკითხეს, სავარაუდოდ, პროკურატურაში უნდა გადავიდე რეაგირებაზე, პროკურატურაში უნდა შევიდე, იმიტომ, რომ გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანამაც გადასცა შეტყობინება ფიზიკურ ძალადობაზე”.
თავად ბექა გოცირიძე Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უარყოფს ფიზიკურ ძალადობას და ამბობს, რომ აქტივისტს „აგინებდა”.
„ვაგინებ კი, მაგრამ რა მუშტი დავარტყი?!” – თქვა მან.