აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ორგანიზებით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა ,,ტელეკომპანია პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა და მათი თანამდებობიდან გადადგომაა.

,,მსვლელობა დაკავშირებულია გუშინდელ ჩანაწერებთან სადაც, ივანიშვილების ოჯახი კრიმინალურად მართავს ქვეყანას და მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება იმ ადამიანების დასჯას, ვინც ივანიშვილის ოჯახის წევრების მიმართ კრიტიკულად გამოირჩევა. ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას და ამ ქმედებების გამო პასუხი უნდა აგონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მივდივართ ივანიშვილის სასახლესთან, იმიტომ, რომ ყველანაირი ბოროტების სათავე არის ივანიშვილი და მისი ოჯახი“, – აცხადებს „ინტერპრესნიუსის“ ცნობით,  ,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი ალიკა კუპრავა.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.