სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აქტივისტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდნენ და სტუდენტებს მოუწოდეს, მათ პროტესტს შემოუერთდნენ.
აქციის მონაწილეები შედიოდნენ აუდიტორიებში და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ძალიან დიდი ნაწილი სტუდენტებისა შემოგვიერთდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტი შემოგვიერთდება. ეს არ დასრულდება დღეს, გაგრძელდება პერმანენტულად.
ახლა მივდივართ თსუ-ში, იქაც უნდა ვესაუბროთ სტუდენტებს და მოვუწოდოთ, შემოგვიერთდნენ“, – უთხრა „პუბლიკას“ ილიაუნის სტუდენტმა, მოძრაობა „ნების“ წევრმა დეგი სუხიშვილმა.
„მეგობრებო, არჩევნები გაყალბდა. მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ვუერთდები ამ პერფომანსს. მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, დღეს 5 საათზე გამოვიდეს რესპუბლიკის მოედანზე. ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. ვუერთდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს. ყველა გამოდით გარეთ, თუ თვლით, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თსუ-ის ეზოში.
ილიაუნში მისვლამდე მოძრაობა „ნება“ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან იყო მისული, სადაც მათი თქმით, მოპარული არჩევნები გააპროტესტეს.
„დაასანქცირეთ ბიძინა“, „ქართველი ხალხის ნება არის ევროპა“ – ასეთი იყო წარწერა მათ ბანერებზე.