აქტივისტები, რომლებიც „დაუმორჩილებლობის მარშს“ მართავდნენ, დედაენის ბაღში მივიდნენ

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც „დაუმორჩილებლობის მარშს“ მართავდნენ, ამ წუთებში დედაენის ბაღში იმყოფებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ დედაენის ბაღში მათ აქციის მონაწილეებისთვის რამდენიმე სიურპრიზი აქვთ მომზადებული. შაქარაშვილმა აღნიშნა, მას გეგმებზე საუბარი არ სურს, თუმცა შესაძლებელია ისინი გადაადგილდნენ სხვა ლოკაციაზეც.

„მოვედით დედაენის ბაღში. აქ გვაქვს რამდენიმე სიურპრიზი მომზადებული, მუსიკალური, მხიარული, არაფრის გაფუჭებას არ ვაპირებთ, გარდა უაზრო რეგულაციებისა, რომელიც თვითონ აფუჭებს ქვეყანას“, – თქვა მან.

დღეს 8 საათზე პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით „დაუმორჩილებლობის“ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა 9 საათის დადგომის შემდეგ დაიწყეს საპროტესტო მარში, მსვლელობა. ისინი დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის „კომენდანტის საათის“ გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.

აქციის მონაწილეები  მსვლელობისას მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ.