აქტივისტებმა პარლამენტთან მავთულხლართები მიიტანეს

პუბლიკა

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და აქტივისტები დილიდან პარლამენტთან მივიდნენ. ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მავთულხლართები მიიტანეს და ისინი მავთულხლართებით დგანან შენობასთან. მანამდე აქციის მონაწილეებმა დეპუტატები შეძახილებით „მონა, მონა“ შეაცილეს პარლამენტში.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უყრიან კენჭს. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

პროცედურის მიხედვით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება, ბიურო საკითხს განსახილველად საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს დააწერს. კომიტეტების დასკვნის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე საკითხს უკვე კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი პროკურატურა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.