აქტივისტებმა რიონის ხეობის შესასვლელი კიდევ ერთ გზა გადაკეტეს

პუბლიკა

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები რიონის ხეობის შესასვლელ კიდევ ერთ გზას კეტავენ.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, კომპანია „ენკა“ ბოლო დღეებში ამ გზით მიდოდა სამშენებლო ობიექტებთან. მისი თქმით, მას შემდეგ რაც „რიონის ხეობის მცველები“ ამ გზას გადაკეტავენ, კომპანია ობიექტებთან მისვლას ვეღარ შეძლებს.

„ეს არის მწვანეყვავილადან გასასვლელი გზა ხეობაში უშუალოდ და გადავკეტეთ ახლა აქაც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ თვითონ მიიღებდნენ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში მონაწილეობას. გამოგვიცხადეს სოლიდარობა. იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ ადგილს, როგორც ერთ-ერთ ჩვენს ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ამ დროისთვის ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა გადაკეტილი აქვთ გუმათჰესთან და სოფელ გუმათში, „ენკას“ ბაზასთან.


„რიონის ხეობის მცველებმა“ 26 მაისს თბილისიდან ისევ ხეობაში გადაინაცვლეს და უკვე მე-4 ღამეა, ხმაურიან აქციას აწყობენ. ისინი აბრახუნებენ ხეობამდე მისვლის შემაფერხებელ რკინის ჯებირებზე და აცხადებენ, რომ ყოველდღიურად ეცდებიან, შევიდნენ ხეობაში და ასევე კომპანია „ენკას“ ხელი შეუშალონ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში.