აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ტოლობის დასმა მიუღებელია - „სირცხვილია“

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის შესახებ.

კერძოდ, მოძრაობა სირცხვილია ყურადღებას ამახვილებს კრისტიან დანიელსონის მიერ შეხვედრისას წარმოდგენილ დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც,  უნდა „გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.”

მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია.

„ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება.

უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია. ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის“,- ნათქვამია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს, კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.