აქტივისტი თემურ ქათამაძე მეორედ დააკავეს

პუბლიკა

აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც ბათუმში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დღეს, 16 იანვარს გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებისთანავე ისევ დააკავეს.

მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ გაავრცელა.

„ჩვენი მედროშე გამოსვლისთანავე დააკავეს”, – წერს ის.

ვიდეოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქათამაძეს განუმარტავს, რომ ის დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.

თემურ ქათამაძე კი ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”.

ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

„ჩემი სახელი და გვარია გაფფარ ილმაზი, ჩვენებურად თემურ ქათამაძე. მე თურქეთის ქართველებიდან ვარ. ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ. ქობულეთის სოფელ ხინოდან წასულები, 150 წლის წინ, ორდუს პროვინციაში, ფაცაში ჩასახლებულები. სტამბულში დავიბადე, მაგრამ სკოლის ასაკამდე ფაცაში ვიზრდებოდი, ბებია-ბაბუასთან.

იქ ქართველი მუჰაჯირები ერთად დასახლებულები იყვნენ. თავიდან, 100 წლის განმავლობაში, ყველაფერ ქართულს ინარჩუნებდნენ. აჭარიდან წასული ხალხი ქართულად საუბრობდა, ქართულ კერძებს აკეთებდა, ქართულ ბეღლებს აშენებდა და ხილის დამყნამდე მისვლამდე, ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც საქართველოში“, – ამბობს თემურ ქათამაძე.

„პუბლიკა” მისი დაკავების დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდება.


თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

14 იანვარს კი სასამართლომ ქათამაძეს და კიდევ ორ დაკავებულს – გოდერძის ფრანგიშვილსა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.