აქტივისტი თემურ ქათამაძე სასამართლომ 3-თვიან პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი თემურ ქათამაძე 3-თვიან პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი დარეჯან სალდაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევებასთან დაკავშირებით, ის 3-თვიან პატიმრობაში იქნება.

„დღეს, 18 იანვარს განიხილებოდა საკითხი, გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული.

შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე დატოვა დაკავებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქათამაძეს გადაიყვანენ უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, რომელიც თბილისშია.

სამ თვემდე გასცა სასამართლომ დაკავების ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების თაობაზე, ის იქნება 3-თვიან პატიმრობაში, რაც შემდგომში ცალკე განხილვის საგანია და ამაზე ცალკე დაიცავს საია თემურ ქათამაძის ინტერესებს“, – ამბობს სალდაძე.

ადვოკატის თქმით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება 5 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

„ცხადია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობილია, რომ თემურ ქათამაძე მეორე დღეა პროტესტის ნიშნად იზოლატორში შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.

ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.


თავდაპირველად თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

14 იანვარს კი სასამართლომ ქათამაძეს და კიდევ ორ დაკავებულს – გოდერძის ფრანგიშვილსა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

16 იანვარს თემურ ქათამაძე, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ამოეწურა, სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და კვლავ დააკავეს.

მისი დაკავების კადრები სოციალურ ქსელში პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ გაავრცელა.

ვიდეოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქათამაძეს განუმარტავს, რომ ის დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.

თემურ ქათამაძე კი ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”.