აქტივისტმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„დირექტორის ვადა ამოიწურა. მან არ გააკეთა დადებითი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ გადამდგარიყო. ამიტომ ჩვენ უკვე მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და კოხრეიძე გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან დაკავშირებით ვიწყებ შიმშილობას. ასევე, მოვითხოვ,  სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები”, — თქვა ალექსანდრე მილორავამ.


2019 წლის ნოემბერში  აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.  კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ტელევიზია დატოვეს მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ და კონსულტატმა ზვიად ქორიძემ.

კოხრეიძის ტელევიზიაში მისვლის შემდეგ ის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ განაცხადა, რომ კოხრეიძე მისგან ითხოვდა, ჩამოშორებოდა სარედაქციო პოლიტიკას. ზოიძემ მოგვიანებით ტელევიზია დატოვა.

ორი კვირაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა საინფორმაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი. აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, მაია მერკვილაძე  ახალი ამბების მიმართულებით რედაქტორობიდან გადააყენეს. რამდენიმე დღეში კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მარტში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ  წამყვანი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა, მანამდე კი ის ეთერიდან მოხსნეს.

მოგვიანებით, ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გვაზავამ უფლებამოსილება შეუწყვიტა.

აპრილში სატელევიზიო გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, რომელიც ამავდროულად აჭარის მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია, არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან facebook-პოსტის გამო გაათავისუფლა. პოსტი, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდა, facebook-ზე 21 აპრილს დაიდო. ის ეხებოდა თეო თურმანიძის ეთერიდან მოხსნის საკითხს.