აქუბარდია კობახიძეს: ევროკავშირისა და NATO-ს ელჩების დემარშის გამო თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო აკრიტიკებს.

„ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო, დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და NATO-ს ელჩების დემარშის გამო”, – ასე მიმართა მან ირაკლი კობახიძეს, რომელიც დღეს, 28 ივნისს, პარლამენტში წლიური მოხსენების წარსადგენად მივიდა.

„კითხვა ნომერი ერთი – მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნება საქართველოს გაცხადებული ინტერესი გახლდათ, ხოლო თქვენ ჩინეთს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ გაეროში ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, ვის მხარეს ხართ თქვენ და ივანიშვილი და რას უპასუხებთ უამრავ დევნილს ამ საკითხთან დაკავშირებით?

როცა კირბალში თამაზ გინტური ოკუპანტებმა წმინდა გიორგის სალოცავთან მოგვიკლეს, ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაში მისი მკვლელები თქვენ არც შეიყვანეთ, არც სია არ წარმოადგინეთ აქ ანგარიშის სახით, ნიშნავს თუ არა ეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქეების მკვლელების დაუსჯელობის წახალისებას და ოკუპანტის სასარგებლოდ ქმედებას?

როდესაც ქვეყნის გამთლიანების ხედვის შემუშავების პირობა, რომელიც 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯაროდ ანგარიშებით იყო დაფიქსირებული, რუსეთის მიერ მოშლილი სუვერენიტეტის ნამდვილი მხარდამჭერები თქვენ მტრად გამოაცხადეთ, შეასრულეთ თუ არა ამით მტრის ამოცანა და რატომ ატყუებთ ხალხს, რომ თითქოს ამ გზით სუვერენიტეტს იცავთ? თქვენ ხომ რეალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს უერთებთ მთლიანად დანარჩენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად.

მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხის დახმარებას ჯარისთვის სათუოს უწოდებთ, ხოლო ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო, ჯარს სწირავთ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისთვის, ვის ინტერესებს ასრულებთ თუ არა კრემლის და რას ეუბნებით ჩვენს სამხედროებს?

მაშინ, როდესაც ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი თავად თქვენ ხართ, რასაც თქვენ ევროკავშირი ღიად გეუბნებათ, როცა ევროკავშირის კარი თავად ჩაკეტეთ, ისევე როგორც ნატოსი და ამისთვის მხოლოდ კრემლი გაქებთ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ქვეყნის 20%-ის გარეშე გთავაზობთ, ვის ინტერესებს ასრულებთ თქვენ თუ არა კრემლის? ეს არის ის კითხვები, რომლებსაც თქვენ საჯაროდ უნდა უპასუხოთ. მე კი არ მიპასუხოთ, არამედ ხალხს, რადგან ეს ყველაფერი არის საგარეო კურსის რუსეთისკენ შემოტრიალება და მე შევუერთდები ჩემი კოლეგების ბოიკოტს”, – მიმართა აქუბარდიამ კობახიძეს.

თეონა აქუბარდიას განცხადებას  პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. „ხალხის სახელით რომ ლაპარაკობთ თქვენ, ეს ცალკე კომედიაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კობახიძის მოხსენებას ოპოზიციიდან თითქმის არავინ ესწრება. ოპოზიციის წევრების უმრავლესობა პარლამენტის სხდომებს მას შემდეგ არ ესწრება, რაც „ოცნებამ”, 28 მაისს რუსული კანონი მიიღო. თუმცა დღეს, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ სხდომაზე დასწრება და დებატებში შესვლა ვერ გაბედა“.