მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი საპატიმროში საქართველოს ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან ელოდებიან პასუხს, შეძლებს თუ არა პირადი ექიმი სააკაშვილთან შესვლას.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად უფრო მეტად აუცილებელია მისი ექიმის ვიზიტი.
„მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები, ვიზუალურად აღიქმება ის შედეგები, რაც შიმშილობამ უკვე გამოავლინა სააკაშვილთან მიმართებით.
პირველი სიმპტომი, რაც ჩვენ აქამდე არ შეგვინიშნავს, ეს იყო საკმაოდ თვალში საცემი სიფერმკრთალე, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტი“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას, ჯანდაცვის სამინისტრომ, სახალხო დამცველმა და პარლამენტმა სააკაშვილის უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის მონიტორინგი აწარმოონ, – ადვოკატი აცხადებს, – რომ წინააღმდეგები არ არიან, თუმცა ეს მექანიზმი მათ არაეფექტურად მიაჩნიათ.
„არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ რაღაც დიდ მოლოდინსაც არ ვიქმნით“, – განაცხადა საძაგილიშვილმა.
ამავე შეთავაზებაზე მეორე ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ ექიმთა ჯგუფის ჩართვაზე სააკაშვილი წინააღმდეგი არ არის, თუმცა სურს, რომ მოინახულოს თავისმა ექიმმაც.