„არ აღშფოთდა ეს ხალხი იმიტომ, რომ არ იჯერებენ ადამიანები იმას, რაც არ არის დასაჯერებელი. „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ ნაცმოძრაობის ლიდერებს არ იჯერებს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, TV პირველზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები არის პიარკამპანია საზოგადოების აღსაშფოთებლად და საბაბი მოლაპარაკების ჩასაშლელად. მისივე მტკიცებით, ეს ჩანაწერები 2010-11 წლებშია ჩაწერილი, დამზადებული და დამონტაჟებული, ფაბრიკაციაა.
„ლელო“ და სხვა პარტიები რა კონკრეტულ მესიჯებს გაახმაურებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საერთო მიზანი ხომ ვიცით, რომ მოლაპარაკების ჩაშლაა. არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან; არ დავჯდებით, ვთქვათ, ირაკლი კობახიძესთან ერთადო, – ამას იტყვიან, ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი. ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული.
…არ იჯერებს ეს ხალხი „ქართული ოცნების” ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას. რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, ანზორ ჩუბინიძეს იცნობს ნახევარი საქართველო და არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას და რა გავაკეთოთ ახლა?! ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან არის ახლოს“, – აცხადებს მდინარაძე.
ოპოზიციურმა პარტიები „ლეიბორისტების“ ოფისში დღეს შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზს „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ. შესაბამისად, ძირითადი მოთხოვნების გარდა, არ დააყენებენ სხვა მოთხოვნას, მაგალითად, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლების წინადადებას.
საერთო აზრისგან განსხვავდება „ლელოს“ პოზიცია. საბა ბუაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება.