გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს, დამძიმდა. ოჯახი ითხოვს ჩიკვაიძე კლინიკაში გადაიყვანონ.
გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა „ტვ პირველთან“ თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა მოუაროს პატიმარს და გადაიყვანოს კლინიკაში.
„სავარაუდოდ, ჩართულია უკვე ნევროლოგია, არ აქვს მგრძნობელობა ფეხებში. დღეს უკვე ეტლით გამოიყვანეს ადვოკატთან, სილურჯე ფრჩხილების არეში, ფეხების შეშუპება. ის მერვე დღეა შიმშილობს და მე ადრეც ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებები, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში თვითონ მარტოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – ამბობს ეკა წერეთელი.
ირაკლი პაპიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩიკვაიძის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“:
„5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას!!!“.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
სახალხო დამცველის აპარატში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ დღეს პატიმარს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა და ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.