არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მთავარი დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა სასტუმრო „რედისონში“, სადაც კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ ესწრება. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას.
„ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნაწილი არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების საკითხი. ველოდები, რომ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდება მომდევნო დღეებში. ამის შემდეგ იქნება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ.
მე არ დავიწყებ სპეკულაციას ევროკომისიის შეფასების შედეგებზე და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მე უბრალოდ ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება შედეგები, იქნება დაბალი მოლოდინი, თუ უფრო მეტი, ვიდრე იმედები, პირობებით ან პირობების გარეშე. ერთი მთავარი დასკვნა კვლავ იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლა დაჯდომის და იმის უზრუნველყოფის დროა, რომ მოხდეს სტაბილური წინსვლა იმ კუთხით, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის. პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.