არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც მოვიაზრებ ჩემს თავს - ლომჯარია

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც ის ახლო ან გრძელვადიან პერსპექტივაში თავს მოიაზრებს. თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ ახალგაზრდაა და არ იცის, რა იქნება წლების შემდეგ. ლომჯარიას თქმით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ის დარჩება აქტიურ მოქალაქედ და უფლებადამცველად.

„მაქვს საკმაოდ დაკავებული გრაფიკი ჩემი ვადის ამოწურვამდე. ალბათ, იმის გამოც, რომ ვადა მეწურება და ბევრი საქმეა. ამიტომ მთლიანად კონცენტრირებული ვარ ჩემს სამუშაოზე და გეგმებზე, რაც მინდა, რომ მოვასწრო ვადის ამოწურვამდე.

არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც წარმომიდგენია ან მოვიაზრებ ჩემს თავს არა თუ უახლოეს მომავალში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას. ახალგაზრდა ვარ და არ ვიცი, წლების შემდეგ რა იქნება, თუმცა მე რაც შემიძლია გითხრათ ის, რომ ნამდვილად ვაპირებ, დავრჩე აქტიურ მოქალაქედ, უფლებადამცველად და ვიმუშაო საკითხებზე, რაც მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

უფრო დეტალურად უფრო მოგვიანებით მეცოდინება მე თვითონაც, სად ვიქნები, რას გავაკეთებ და ამაზე საზოგადოებასაც მივაწვდი ინფორმაციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.