„არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი, კავშირი, ნაცნობობა... ინსაფ ალიევი უნდა გამართლდეს" | დასკვნით სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე 25 აგვისტოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დაიწყო.

საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს კი – მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ინსაფ ალიევის ადვოკატმა, აიჰან ჰასანლიმ სასამართლოს ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა:

მან თავდაპირველად სამართლებრივ ჩარჩოსა და მუხლის კვალიფიკაციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ:

„ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანლეობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირისა და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე.

შესაბამისად, თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი, ვერ იქნება ბრალად წარდგენილი ქმედება და სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.

რადგან თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, თუნდაც ემოციურად, სასამართლოს, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მდიდარი პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ბრალის შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდება ორგანიზატორებად მიუთითებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს.

ამასთანავე, ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული პირების მხრიდან ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში წარმოდგენლი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რაზეც თავად მათი ადვოკატები დეტალურად ისაუბრებენ.

„შესაბამისად, როცა არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, მონაწილედ მიჩნეული ინსაფ ალიევის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”, – აცხადებს ის.

მოწმეების ჩვენებები

ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ასევე შეაფასა ე.წ. დაზარალებული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენების რელევანტურობა ინსაფ ალიევთან.

მისი თქმით, მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია თავისი შინაარსით ვერ ადასტურებს ვერცერთ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც რელევანტურია საქმისთვის და ამავდროულად, მათი სანდოობაც სერიოზულ ეჭვს იწვევს. უფრო მეტიც, მოწმეების ჩვენებები საფუძველს აძლიერებს და კიდევ უფრო ადასტურებს დაცვის მხარის ვერსიას.

„მოწმეებმა არ იციან, ვინმე ან რამე დააზიანეს თუ არა ზოგადად ბრალდებულებმა. ისინი არ იცნობდნენ ბრალდებულებს.

არც ერთ მოწმეს არ მიუცია ჩვენება, რომლის თანახმად, მან პირადად იხილა ინსაფ ალიევი ჯგუფური ძალადობის პროცესში”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, საკითხზე გამოკითხული ყველა მოწმე ადასტურებს, რომ მათთვის არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვისგან არის მიღებული დაზიანება და თანხმდებიან, რომ ბრალდებულების მხრიდან ზიანის მიღებას ვერ ადასტურებენ. შესაბამისად, ადვოკატი ასკვნის, რომ ბრალდებულებსა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი რეალურად არ იკვეთება, რაც მტკიცების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ვიდეომტკიცებულებები

საქმეში ინსაფ ალიევის წინააღმდეგ არსებულ ვიდეომტკიცებულებებზე ადვოკატი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მასზე აღბეჭდილია ინდივიდუალური და სპონტანური მოქმედებები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება კოორდინირებულ და ორგანიზებულ ქმედებებს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოებში არ ჩანს არც პიროვნების დაზიანების ფაქტი:

„ვიდეომასალები, კერძოდ 2 ვიდეო, არ წარმოადგენს ერთიან, უწყვეტ ჩანაწერს. ის გადაღებულია სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა პოზიციიდან და მონტაჟით არის ერთმანეთზე გადაბმული.

არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ვიდეო სრულად და ამომწურავად ასახავს ინციდენტის მიმდინარეობას.

ვიდეომასალის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

ვიდეოებში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კომუნიკაცია სხვა პირებთან, მითითებების მიღება ან შესრულება, შეთანხმებული ან კოორდინირებული მოქმედება, ურთიერთობა ან თუნდაც მინიმალური კომუნიკაცია. არ ჩანს რაიმე სახის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენების ფაქტი…

არც ერთ ვიდეომასალაში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კოორდინაცია სხვა პირებთან. შესაბამისად, ვიდეომტკიცებულებები რეალურად არ ამყარებს ბრალდების მხარის ვერსიას, არამედ ადასტურებს და აძლიერებს დაცვის მხარის პოზიციას, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით.

ფაქტობრივად, ეს ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს დაცვის მხარის ვერსიის დამადასტურებელ მტკიცებულებას და იძლევა დამაჯერებელ საფუძველს, ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ, კერძოდ ის მოქმედებდა სპონტანურად, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და არა ორგანიზებულ ჯგუფად”, – ამბობს ის. 

იარაღის გამოყენების ფაქტი

აიჰან ჰასანლის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინსაფ ალიევმა გამოიყენა იარაღი, რომელსაც აქვს/ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი. მთავარმა გამომძიებელმაც დაადასტურა, რომ არ ჩატარებული ესპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა რაიმე საგანი, რომელსაც ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი”.

კავშირისა და ორგანიზებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა

ადვოკატის თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებდა, რომ ინსაფ ალიევი დაკავშირებული იყო რომელიმე ორგანიზატორად იდენტიფიცირებულ პირთან; არც ის დადასტურდა, რომ მას ჰქონოდა რაიმე სახის კომუნიკაცია კონკრეტულ პირებთან, ან რომ იგი ასრულებდა რომელიმე პირის მითითებებს.

„აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ არ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის წევრობა ან ხელმძღვანელობა, რაც არის კონკრეტული მუხლის დასადგენად აუცილებელი წინაპირობა”, – ამბობს ის.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ზვიად ცეცხლაძის ვიდეო ქართულ ენაზე იყო, ინსაფ ალიევი კი არ ფლობს ქართულ ენას, შესაბამისად, ვერც შეძლებდა ვიდეოს შინაარსის გაგებას.

„აქედან გამომდინარე, აღნიშნული ვიდეო ვერ ითვლება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა ან ცოდნა კონკრეტული მოწოდების ან კონტექსტის შესახებ”, – ამბობს აიჰან ჰასანლი.

გარდა ამისა, დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მითითებების მიღების წყარო, ფორმა ან შინაარსი. მოწმემ მხოლოდ ვარაუდის დონეზე აღნიშნა, რომ ე.წ ორგანიზატორების საჯარო მოწოდებებს შესაძლოა ჰქონოდა გავლენა, თუმცა არც სოციალური ქსელები და არც სხვა პლატფორმები არ არის დათვალიერებული იმის დასადგენად, თუ ჰქონდა ალიევს საერთოდ წვდომა ამ საჯარო ინფორმაციაზე, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც არ ფლობდა ქართლ ენას და მოწოდებები იყო ქართულ ენაზე.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმართული გამოძიების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ ვერ იქნა დაცული სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტური პრინციპები კერძოდ, გამოძიების სრულყოფილების, ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპი.

„გამოძიება თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ფოკუსირებული ბრალდებულის დადანაშაულებაზე, ხოლო მის შესაძლო უდანაშაულობაზე და დამამტკიცებელი გარემოებების მოძიებაზე არც დაინტერესებულა”, – ამბობს ადვოკატი.

საკვანძო კომპონენტები

დაცვის მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკამ, მათ შორის უზენაესმა სასამართლომ, განსაზღვრა რამდენიმე აუცილებელი კომპონენტი, რომელთა ერთობლივი არსებობა აუცილებელია წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად და დასადასტურებად:

  1. ერთმანეთთან კავშირი;
  2. ნაცნობობა;
  3. განხორციელებული ქმედების ორგანიზებული ხასიათი, ანუ ჯგუფის ორგანიზებული ხასიათი;
  4. ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი;

აღნიშნულზე დაყრდნობით, აიჰან ჰასანლი ამბობს:

  1. ნაცნობობა: საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ იგი იცნობდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ პირებს, მათ შორის ე.წ. ორგანიზატორებს ან ხელმძღვანელებს.
  2. კონტაქტი: არ არის დადასტურებული რამე სახის კონტაქტი, კომუნიკაცია ალიევსა და სხვა პირებს შორის.
  3. მითითებების შესრულება: ვერ დადგინდა, რომ ალიევი ასრულებდა ვინმეს მითითებებს.
  4. ორგანიზებული ხასიათი: წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები (2 ვიდეო) ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ალიევი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მარტო, არ ესაუბრებოდა არავის, არ იყენებდა საკომუნიკაციო საშუალებებს, მოქმედებდა ინდივიდუალურად, სხვებისგან იზოლირებულად.

ასეთ ვითარებაში ორგანიზებული ქმედების დადასტურება გამორიცხულია.

აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი სხვა არსებითი მტკიცებულება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოყენებული შეიძლება ყოფილიყო.

სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როდესაც პირი მოქმედებს სპონტანურად, კონკრეტული დროისა და სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გამორიცხავს, რომ მისი ქმედება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა”, – ამბობს ის.