ევროპარლამენტარი, დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით, ვიოლა ფონ კრამონი „ფორმულასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარების განცხადებას დამატებით განმარტავს. ვიოლა ფონ კრამონი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია.
ევროპარლამენტარს გადაცემა „კომენტარის“ პირდაპირ ეთერში „ფორმულა“ სინქრონულად თარგმნიდა.
ევროპარლამენტარის თქმით, განცხადების ხელმომწერები საქართველოს მეგობრები არიან, რომლებიც, მრავალი წელია, „სამწუხარო დებატებს“ აკვირდებიან, განსაკუთრებით 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მისი თქმით, ბევრი დრო დაიხარჯა იმაზე, როგორ მივიდნენ მხარეები კომპრომისამდე და პრობლემის გადაჭრამდე. ფონ კრამონის თქმით, შარლ მიშელის სახით საქართველოში დიდი კაპიტალი ჩაიდო იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის პრიორიტეტია.
„ამის შემდეგ უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვაგზავნეთ საქართველოში, პირადი წარმომადგენელი შარლ მიშელისა, ბატონი დანიელსონი, რათა მას გაეწია მედიაცია დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის, რათა ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე.
ახლა ვხედავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საათობრივად, მათ შორის ღამეც, დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ. ხელი არ მოწერია არაფერს და ჩვენ ვთქვით – კარგი, კმარა. ჩვენ – ეს არ არიან ცალკეული ევროპარლამენტარები – ჩვენ, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვდარდობთ, ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი.
ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ეს არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ქალბატონი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. არ არის მართალი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ კერძო აზრია ცალკეული ევროპარლამენტარებისა, არა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ მაკროფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე. აქ საუბარია საქართველოს მომავალზე. საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და ამ ადგილს უნდა დაუბრუნდეს, ეს არის ევროპისა და ამერიკის ამოცანა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ევროკავშირს არ აქვს ინტერესი, დატოვოს კავკასია. მისი თქმით, მათ სურთ, უფრო ძლიერად იყვნენ წარმოდგენილნი ადგილზე, თუმცა ამისთვის პარტნიორებია საჭირო.
„საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ 2024 წელს წარადგენს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და მეორე ხელით არ არის მზად ყველაზე პატარ-პატარა ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გამონახოს საერთო ენა, რათა ოპოზიციასთან კომპრომისულ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ეს არის აბსურდი. მე ვფიქრობ, ვერ გაიგო საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა. საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს. ჩვენ გვინდა საქართველო კიდევ უფრო დავუახლოვოთ ევროკავშირს“, – თქვა მან.
ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ ვერ ხედავს, რატომ არ მოაწერა ხელი ხელისუფლებამ შეთანხმებას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტია, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა ხელი. ფონ კრამონის თქმით, ეს არ არის არგუმენტი. ევროპარლამენტარის შეფასებით, ხელისუფლების ხელმოწერა მნიშვნელოვანი იყო, მათ შეეძლოთ, გამოეხატათ კეთილი ნება და ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ორივე მხარემ უნდა დათმოს, ორივე მხარემ უნდა წაიწიოს წინ არა ჩემთვის, არა ჩემი პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა. ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ აბსოლუტურად პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
გადაცემის წამყვანმა ვიოლა ფონ კრამონს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები გააცნო, მათ შორის, კახა კუჭავას პოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ განცხადებაში უზუსტობა იყო.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ არ შედგენილა სია, რომლის მიზანიც სრულყოფილება იყო. შარლ მიშელისა და დანიელსონის მედიაციით შედგენილ სიაში, ფონ კრამონის თქმით, თავმყორილი იყო მათთვის მნიშვნელოვანი და ფასეული საკითხები.
„მაგრამ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი ავტომატურად უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანი იყო ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, ამის ასე კომუნიცირება მოხდა. ჩვენთვის ესაა მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. ეუთოს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს ბოლო არჩევნების შემდგომი და ძალაუფლება პარლამენტში უნდა გადანაწილდეს. მაშინ წინ წავიწევთ“, – თქვა მან.
ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ყველა ინტერვიუში უსვამს ხაზს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. მისი თქმით, ის არ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ის საუბრობს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმაზე, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება ხდება ხელისუფლების მხრიდან.
„თუ ჩვენ საქართველოში გვინდა, დავნერგოთ კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, გვჭირდება არაპოლიტიზებული მართლმსაჯულება და ისეთი პირობა, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე ადამიანის დაკავება და ციხეში გადაყვანა ხდება და მე ვფიქრობ ეს გვარდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში მოხდეს მართლმსაჯულების რეფორმა. ე.წ. სატელეფონო სამართლის მოგვარება, გვერდზე დადგება. გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და არაფერი არ გამოვა, თუ ეს არ მოგვარდა“, – თქვა ევროპარლამენტრამა.
წამყვანმა ვიოლა ფონ კრამონს ჰკითხა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ევროკავშირი მზად იყო, ნიკა მელიას გირაოს თანხა ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაეხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, არ იცის, ევროკავშირის რომელმა ფონდმა განაცხადა კონკრეტულად ეს, მაგრამ, მისი თქმით, ფაქტია, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს და მელია გათავისუფლდება.
წამყვანმა ევროპარლამენტარს ოპოზიციის წევრების პოზიციების შეფასებაც სთხოვა.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თავიდანვე ისურვებდა, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და მოუწოდებდა ყველა კოლეგას, შესულიყვნენ პარლამენტში. მისი თქმით, ის, როგორც ევროპარლამენტარი, იმუშავებს მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან.
„ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, ფაქტობრივად, ვღალატობ ამომრჩეველს. მაშინ რატომ მომცა ხმა ამომრჩეველმა? ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში. ეს არის არის ჩვენი სტრატეგია, მაგრმა ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მან.
გადაცემის წამყვანმა ვიოლა ფონ კრამონს ოპოზიციის არგუმენტი გააცნო იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან გიორგი რურუას გათავისუფლების მუხლი ჯერაც შეუსრულებელია.
„ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთოს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა მათი მხრიდან. რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა? ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ და იმავდროულად ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.