„არ არის ქართული ფენომენი“ - გამყრელიძე ზოგიერთ კლინიკაში ლეტალობის მაღალ მაჩვენებელზე

პუბლიკა

„ის, რაც ითქვა ქალბატონი მინისტრის მიერ ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, ეს არის გლობალური გამოწვევა, მოგეხსენებათ და რომელმაც თავი იჩინა კიდევ მეტად კოვიდპანდემიის დროს, ეს არ არის ქართული ფენომენი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტმა ამირან გამყრელიძეს ჰკითხა ლეტალობის მაღალ მაჩვენებელზე, რაზეც ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც 26 დეკემბერს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ კლინიკაში ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია და არის ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

„მოგეხსენებათ რომ სიკვდილიანობა დაახლოებით 2-3 კვირით ჩამორჩება შემთხვევების ზრდას, რაც ნიშნავს, რომ თუ გვქონდა 3-4 კვირის წინ 4000-5000 შემთხვევა ის სიკვდილიანობის ზრდას მოგვცემს შემდეგ, 2-3 კვირის შემდეგ. თუმცა ამაზე, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. ის, რაც ითქვა ქალბატონი მინისტრის მიერ ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, ეს არის გლობალური გამოწვევა და რომელმაც თავი იჩინა კიდევ უფრო მეტად კოვიდპანდემიის დროს, ეს არ არის ქართული ფენომენი. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლადწარმოშობილ ვირუსულ დაავადებებთან ერთად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა, უკვე ანტიბიოტიკები ვეღარ მოქმედებენ ჩვეულებრივად იმ შტამებზე, რომლებიც გარცელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


26 დეკემბერს, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობის ხარისხზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი არის 2-3% და არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 15%-ია.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, ქვეყანაში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ხარვეზების გამოსწორებაზე კლინიკებთან ერთად მუშაობს. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტებიც.