დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს პრესკონფერეციაზე მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ შეხვედრის დროს ერთმანეთის გადაკოცნისგან:
„ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, რომ ვხვდებით ერთმანეთს, ვკოცნით. გთხოვთ ძალიან, რომ თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ არ არის ეს საჭირო. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც გადადიან სწორედ აირწვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით“.
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ასევე მოუწოდა ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს.
„არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა. ჯობს, ხელის აწევით მივესალმოთ ხოლმე ერთმანეთს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გუშინ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.