რიონის ხეობაში, გუმათჰესთან „რიონის ხეობის მცველ“ მაკა სულაძესა და ჰომოფობიურ-ულტრანაციონალისტური აქციების ორგანიზატორ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება კვლავ ლგბტ თემას და თბილისში გამართულ აქციებზე „რიონის ხეობის მცველების“ პოზიციონირებას მოჰყვა. კერძოდ, ფალავანდიშვილებს აქვთ პრეტენზია, რომ „რიონის ხეობის მცველები არ გაემიჯნენ ლგბტ აქტივიზმს“, ამიტომ, მათი თქმით, „რიონელთა პროტესტი გაემიჯნა ჯვარს“.
„ხედავთ, რა თემა არის – მიწა გამოგვეცალა ფეხქვეშ, გადაგვიღობეს ხეობა. მე პირადად სახლში და ეკლესიაში ვერ მივდივარ და საერთოდ გვეუბნებიან, აღარაა თქვენი მიწაო და ხალხო, რა დროს ერთმანეთზე მარკების მიწებებაა, გამაგებინეთ?!“, – მიმართა მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს.
მაკა სულაძეს მამა-შვილის გარემოცვიდან ერთ-ერთმა მათმა მხარდამჭერმა უთხრა, რომ „მარკები თვითონ მიიწებეს და თვითონ ატარეს“.
სულაძის თქმით, ამ პროცესში მათი ჩარევა არაა საჭირო და თუ სურვილი აქვთ, რიგით მონაწილეებად დაესწრონ აქციებს.
„რა ვქნათ ჩვენ, ერთად დავდგეთ და ვიომოთ თუ რა გავაკეთოთ, ხალხო, გამაგებინეთ! და მე მასწავლით კიდევ აქ, ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერ ხელში?! და ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა! თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ, დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ, ვის რა უნდა გავუკეთოთ!
არ არის საჭირო თქვენი ჩარევა, რა დროის სამკლაურზე საუბარია… სამკლაურზე საუბარი, ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან და თქვენ კიდევ აქ დასდევთ ლგბტ-ებს!
რატომ არ გინდათ, გაიგოთ, ყველას გევალებათ, დაიცვათ ქართული მიწა, ჩვენი მიწა, ფეხი რომ გიდგას, გეუბნებიან, ეს მიწა თქვენი არ არისო.
ამ საზოგადოებაში ყველას აქვს თანაბარი უფლება, დაიცვას საარსებო გარემო. ყველა ადამიანს აქვს თავის პასუხისმგებლობა და უნდა იცავდეს თავის წილ მიწას. არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ, ამას ევალება და ამას არ ევალება…
ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, ადამიანები აქ არ გამოვიჩნეოდეთ რამე ნიშნით, არ უნდა გვქონდეს რამე, რაც განგვასხვავებს ერთმანეთისგან. მოვუწოდებთ, ადამიანებმა დავსვათ ტოლობის ნიშანი, რომ შევდგეთ საზოგადოებად, რომელსაც შეუძლია საერთო პრობლემებთან ერთად ბრძოლა“, – მიმართა მაკა სულაძემ მამა-შვილ ფალავანდიშვილებსა და მათ თანამოაზრეებს.
24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე „რიონის ხეობის მცველების“ აქცია ორმა სამოქალაქო აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა და სალომე ბარკერმა დატოვა. სალომე ბარკერი ამბობს, რომ აქციაზე მყოფმა გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას ლგბტქ სიმბოლიკის ხელსახვევის მოხსნა და აქციის დატოვება მოსთხოვა.