არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს - პრეზიდენტი

პუბლიკა

„არც ერთი ჩვენი პარტნიორი არსად არც ერთხელ არასოდეს არანაირი მოწოდება არ ყოფილა, სად ხართ, რატომ არაა მეორე ფრონტი, რას აპირებთ, მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, ეს არ არსებობს, არის მოგონილი, ტყუილი და ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მეორე ფრონტის რიტორიკა „შიდა მოხმარებისთვისაა გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე და უსაფრთხოებაზე იფიქროს“.

„ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია არ გავყვე ამ აზრებს, ეს ხომ არაა იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ, გავუგოროთ. არ ვპასუხობ ამ კითხვას და არ უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა მან.

„ერთადერთი, მეორე ფრონტი გაისმა უკრაინის რაღაც წრეებიდან, სადაც არის რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმისი მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი. ამაზე არ უნდა ვუპასუხოთ, პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ.

მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვცადოთ ომის გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მოსახლეობას ვუთხრათ რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოთხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე.

გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, ნებისმიერ შეკითხვაში ასე რომ იყოს დასმული კითხვა ყველა უპასუხებს – არ მინდა ომი, ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ევროპელ პარტნიორებში გაღიზიანებას იწვევს შეკითხვა – სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა?

მისი თქმით, შეგვეძლო, გაგვეკეთებინა იგივე, რაც გააკეთა მოლდოვამ.

„ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არც მათგან და არც ჩვენგან, ესეც უნდა ითქვას. არც ომში ჩართვა მოუთხოვია არც მოლდოვისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს – შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ – მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში, თუნდაც ომის დროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებობს იზოლაციის საფრთხე, რომელიც იმაზე დიდი და რეალურია, ვიდრე მეორე ფრონტის მითი.

„იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაციისა, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. ოპოზიციამ, უფრო სწორად მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, დამაზიანებელი როლი ითამაშა, მაგრამ ასევე გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე არის ხელისუფლებაზე და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია.

ეს საკმაოდ მძიმე სურათია. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი.

რეზოლუცია, რაზეც ამდენი დაიწერა, მძაფრ კრიტიკასთან ერთად ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება. რეზოლუცია გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – განაცხადა მან.