„არ არსებობს მიმალვის რისკი“ — ფედერიკა მოგერინი გაათავისუფლეს

პუბლიკა

ფედერიკა მოგერინი, რომელიც ბელგიის პოლიციამ სავარაუდო კორუფციის საქმის ფარგლებში დააკავა, გაათავისუფლეს. ასევე გაათავისუფლეს ამავე საქმეზე დაკავებული სტეფანო სანინო – ევროპის საგარეო სამსახურის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, ვინაიდან არ არსებობს რისკი, რომ ისინი მიიმალებიან.

გუშინ, 2 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ და ევროპის პროკურატურამ EEAS-სა და ბრიუგეს ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა და მოგერინი და სანინო დააკავა.

საფუძველი უმცროსი დიპლომატებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 9-თვიან სასწავლო კურსთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიებაა.

სისხლის სამართლის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა ბრალდებები, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროპის კოლეჯმა 2021 და 2022 წლებში ევროკავშირის სახელმწიფო სახსრები ბოროტად გამოიყენეს.

კერძოდ, აღნიშნულმა კოლეჯმა სწავლების ჩატარების უფლება EEAS-ისგან შესყიდვის წესით მიიღო.

ევროპის პროკურატურის ცნობით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროგრამის ტენდერის დროს დაირღვა ფინანსური რეგულაციის 169-ე მუხლი, რომელიც სამართლიან კონკურენციას ეხება და რომ მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს გადაეცა.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, იცოდნენ თუ არა წინასწარ ევროპის კოლეჯში აღნიშნული სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად გამოცხადებული ტენდერის შესახებ.

EPPO ასევე აღნიშნავს, რომ ჩხრეკის დაწყებამდე უწყებამ რამდენიმე ეჭვმიტანილისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა. მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

გამოცემა Euractiv წერს, რომ საქმე ეხება 3.2 მილიონ ევროს.