„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ფულის გათეთრების ექსპერტი იურისტის, პოლინ დევიდის, დასკვნას აქვეყნებს ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნის შესახებ.
ორგანიზაციის ცნობით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ფულის გათეთრების დანაშაულის დამამტკიცებელი რამე საფუძველი საქმეში არ არსებობს.
საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის ძირითადი მიგნებები:
- არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:
– სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
– თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
– მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.
- ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.
- საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.
- ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.
- საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
- არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
მომზადებულ დასკვნაში განხილულია საქმის ბრალდება, სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტები; განმარტებულია ფულის გათეთრების პროცესი და ელემენტები და ასევე განხილულია, როგორ მუშაობს საერთაშორისო კანონმდებლობა ამ დროს. ერთი თავი ეთმობა ხანდაზმულობას და სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებას.
იქიდან გამომდინარე, რომ თუკი სასამართლო ქონების უკანონოდ დაუფლებას დაადგენს, ხანდაზმულობის ვადა სამართლებრივი დევნის დაწყების საშუალებას არ იძლევა, ამ კანონისთვის გვერდის ავლა, ექსპერტის შეფასებით, შესაძლოა პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდეს.
„ხანდაზმულობის ვადისათვის გვერდის ავლა პირისათვის ფულის გათეთრების თაობაზე შეუსაბამო ბრალდების წარდგენით, რათა სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის შესაბამისი ბრალის წარდგენისას ხანდაზმულობის ვადის გასვლის თანმდევი შედეგები თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაძლოა პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდეს, რასაც სასამართლოს მიერ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა უნდა მოჰყვეს.
„არ არსებობს ცალკე აღებული რაიმე ქმედება, რომელსაც, შესაძლოა, ფულის გათეთრების კვალიფიკაცია მიენიჭოს ხაზარაძის, ჯაფარიძის ან წერეთლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. ასეთ ვითარებაში ფულის გათეთრებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოება ეწინააღმდეგება სხვადასხვა იურისდიქციაში აღიარებულ სამართალწარმოების პრაქტიკას, სადაც სასამართლოები ცალსახად არ ეთანხმებიან ფულის გათეთრების ბრალდების გამოყენებას იმ გარემოებებში, როდესაც ძირითადი დანაშაულის გარდა არ ყოფილა ჩადენილი რაიმე ცალკეული დანაშაულებრივი აქტი.
ბრალდების მხარე ხელოვნურად ყოფს ქმედებებს, რომლებიც მხოლოდ ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს. ფულის გათეთრება კი ცალკე აღებული დანაშაულია, რომელიც მისგან დამოუკიდებელ ქმედებას წარმოადგენს.
ის ქმედებები, რომლებიც „სამგორის“ ანგარიშებზე ფულადი სახსრების მიღების შემდეგ განხორციელდა, არის ქმედებები, რომლებიც არა ფულის გათეთრებას, არამედ ფულის გამოყენებას უკავშირდება. ფართოდაა დაგმობილი პრაქტიკა, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ფულის გათეთრების ნორმების გამოყენებით მაშინ, როდესაც მტკიცებულებები, რომელსაც გამოძიება ეყრდნობა, მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის და ამ დანაშაულის შედეგად მოპოვებული ქონების გამოყენებაზე მიუთითებს”, – წერია დასკვნაში.
TI-ის დაკვეთით მომზადებული დასკვნის ტექსტს სრულად გაეცანით ბმულზე.