საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო და ეკლესია დღეს ყველაფერზე თანხმდებიან და „ოქროს ბალანსს“ მარტივად იცავენ.
„არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება. ოქროს ბალანსი მარტივია. საკითხი სენსიტიურია. ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას, რომ ეკლესიის კარი დახუროს. ასეთი თხოვნა სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მაგრამ არც ეკლესიის მხრიდან არ არის თხოვნა, რომ რაღაც წესების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს წირვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ ეთერში.
მდინარაძის აზრით, ეკლესიები ვერ დაიკეტება და ნებისმიერი მოწოდების შემთხვევაში, იქნება ხალხი, ვინც ეკლესიაში მაინც წავა. თუმცა ფიქრობს, რომ აღდგომის ღამეს ლიტურგიას ბევრი ადამიანი არ დაესწრება.
„იქნება ძალიან ცოტა ადამიანი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ყველა გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას. ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება და ისე შეხვდება აღდგომას, არანაკლები მორწუნე შეიძლება იყოს იმაზე, ვინც ეკლესიში მივა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და თუ ჩვენ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არავინ ითხოვს და პირიქით, ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სამაგიეროდ, ეკლესიებს გარეთ, ნებისმიერ შეკრებას სანქცია უნდა მოჰყვეს და ბზობას გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ირღვევა რეგულაციები ქუჩაში, მიუღებელია.
„ჩვენ ასეთი დარღვევები სხვადასხვა ადგილზეც გვხვდება. მარტო ეკლესიაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. სუპერმარკეტებთან ირღვევა სოციალური დისტანცია. ყველა უნდა დაჯარიმდეს. დეკრეტის მიერ დადგენილი სანქცია ყველას უნდა შეეხოს აბსოლუტურად და აქედან გამონაკლისი არ უნდა იყოს“, – თქვა მდინარაძემ.