დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი წლის პერიოდში გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გამო, ბოლო ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, მკვეთრი მატება, ჯერჯერობით, არ შეინიშნება.
პაატა იმნაძის განცხადებით, ამ მონაცემის საბოლოო გაანალიზება კვირის ბოლომდე ადრეა, რადგან უქმე დღეებში ტესტირება შედარებით ნაკლები იყო.
„გასაგებია ხო, როცა არის სადღესასწაულო დღეები, შაბათ-კვირა, ადამიანები ნაკლებად მიდიან [ტესტირებაზე]… ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო, მაგრამ ზუსტად ამის შესახებ შეგვეძლება ვთქვათ ამ კვირის ბოლოს. თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ (მოდი, ასე ვთქვათ) მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს. ძალიან მიხარია ეს, იმიტომ, რომ არ ჩანს ძალიან ისეთი დრამატული მატება.
თუმცა, თავისთავად, გაიხსენეთ სექტემბერი, 1800-ზე რომ ავედით, რა ხდებოდა. ახლა 1800-ზე ჩამოვედით და გვიხარია. ყველაფერი შედარებითია. არ გვინდა, დავუბრუნდეთ 5000-ს. 1800 არ არის ისეთი მონაცემი, რომ დავმშვიდდეთ და ყველაფერი გავხსნათ“, – განაცხადა იმნაძემ.