ბაღების მშენებლობის ტენდერი, სადაც ერთადერთი პრეტენდენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანია იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა.
სატენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანიამ – შპს „ლაგი კაპიტალმა“, გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
აღნიშნული კომპონენტით მოთხოვნილი იყო: არაუმეტეს 2 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 150 000 ლარის ღირებულების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, სამოქალაქო დანიშნულების შენობების მშენებლობის სამუშაოებისათვის…
სატენდერო კომპანიამ გამოცილებასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა კომპანიას 15 მარტს დაავალა.
ტენდერი 5-მილიონიანი იყო და მოიცავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობას.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი ლომიტაშვილისა და ლაშა გრიგალავას კომპანიები ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის იდენტურ – ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ბაღების მშენებლობის ტენდერშიც მონაწილეობს. ამ შესყიდვაზე ჯერ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ცნობილი არაა. პრეტენდენტი ამ შემთხვევაში შპს „გლობალ იმპორტ ჯგუფიც” არის.
21 მარტს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტენდერში „ლაგი კაპიტალმა” 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. კომპანიამ 4 საჯარო სკოლის აშენების ვალდებულება აიღო (3 ხაშურის მუნიციპალიტეტში და ერთი კი – გორის სოფელში);