არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა არ ყოფილა - მამუკა მდინარაძე

პუბლიკა

TV „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.

ტვ „იმედის“ ინფორმაციით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? – „ქართულ ოცნება“ 55%-მა აირჩია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვას – არის თუ არა ეს მონაცემები ახლოს პარტიის შიდა კვლევების შედეგებთან? – მდინარაძემ უპასუხა, რომ პარტიის მონაცემები „ქართული ოცნების“ რეიტინგთან დაკავშირებით ცოტა მაღალია. მისი თქმით,  პარტია საზოგადოებრივი აზრის გასაგებად კვლევებს სისტემატურად ატარებს.

„მე ვნახე იქ, რომ 9% გადაუწყვეტელია. ალოკაციის შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს აუცილებლად დაემთხვეოდა ის, რაც „გორბმა“ დადო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გამოცდის წარმატებულად ჩაბარებამ, რაც კოვიდთან გამკლავებას გულისხმობს, საზოგადოებრივ განწყობაზე კვალი დატოვა.

„ანტიკრიზისულმა გეგმამ პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, კრიზისამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამხელა არ ყოფილა.

„მე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა არ ყოფილა, ვერ მოგატყუებთ. მაგრამ არცერთ კრიტიკულ სიტუაციაში არ ყოფილა, რომ 40%-მდე შემცირებულიყო პარტიის რეიტინგი. დღევანდელი მონაცემები გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებამ პირველი ეტაპი ჩააბარა წარმატებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. ტელეკომპანიის ეთერში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, „გორბის“ კვლევა 15-დან 19 მაისამდე პერიოდში ჩატარდა, დასაშვები ცდომილება +-3%. გამოიკითხა 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით.