ბურჭულაძე POS TV-ის ღირსების შელახვისთვის უჩიოდა, მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გზირიშვილმა არ დააკმაყოფილა პაატა ბურჭულაძის სარჩელი POS TV-ის წინააღდეგ პატივისა და ღირსების შელახვაზე. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ 19 მარტს გამოსცა.

პაატა ბურჭულაძე შალვა რამიშვილს და სამთავრობო ტელეარხ POS TV-ს ცილისწამებაში, პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა და კომპენსაციის სახით თანხას მოითხოვდა. საქმე ეხება შალვა რამიშვილის განცხადებებს, როცა მან პაატა ბურჭულაძე თაღლითად მოიხსენია.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას საქართველოს ყველა ინსტანციაში გასააჩივრებენ, საჭიროების შემთხვევაში კი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

გადაწყვეტილების დასაბუთება ადვოკატს ჯერ არ ჩაბარებია. მიხეილ რამიშვილის თქმით, დოკუმენტს 1 ან 2 კვირაში მიიღებს.

მანამდე კი, მიხეილ რამიშვილის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და „სარჩელის ინიციატორი არა პაატა ბურჭულაძე, არამედ ხელისუფლების მხარე რომ ყოფილიყო, სასამართლო გადაწყვეტდა, რომ შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია”.

„თითქოს ამ განცხადებებით არ შელახულა პაატა ბურჭულაძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ღირსებას, პატივს და საქმიან რეპუტაციას არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს, მთავარია, რომელ მხარეს წარმოადგენ, ვისი ინტერესების დამცველი ხარ და რა პოზიცია გიჭირავს”. – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

19 მარტის გადაცემაში შალვა რამიშვილმა კიდევ ერთხელ უწოდა თაღლითი პაატა ბურჭულაძეს და თქვა, რომ „სასამართლომ ეს დაადასტურა”.

მისივე თქმით, „2017 წლიდან მისი და საქველმოქმედო ფონდ „იანვნანას” შესახებ 5 დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლითაც სწორედ პაატა ბურჭულაძის თაღლითობა ამხილა”.

ამ ფილმების საფუძველზე, 2017 წლის 20 სექტემბერს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ფონდ იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე.

განცხადება საგამოძოებო უწყებაში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” შეიტანა. ორგანიზაციის მიმართვის თანახმად, „ფონდ იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. განცხადება სწორედ POSTV-ის მიერ მომზადებულ ფილმს ეფუძნებოდა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა პაატა ბურჭულაძის თაღლითობის დადასტურებას ან უარყოფას კი არ ეხებოდა – ეხებოდა პატივისა და ღირსების შელახვას შალვა რამიშვილის მხრიდან.  თაღლითობის საქმეზე კი სასამართლო განხილვა სწორედ პროკურატურის გამოძიების საფუძველზე უნდა დაიწყოს. თუმცა, ეს არ მომხდარა. ადვოკატისთვის ასევე უცნობია, რა ეტაპზეა ეს პროცესი პროკურატურაში.

რაც შეეხება მოსამართლე ალექსნადრე გზირიშვილს, რომელმაც საქმეზე პაატა ბურჭულაძისა და POS TV-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა – ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

მისი მამა, ლევან გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ლევან გზირიშვილის საბჭოს წევრობის პერიოდში,  2019 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, მოსამართლედ დანიშვნაზე პრეტენზია განაცხადონ. ის სწორედ მოსამართლეობისთვის მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებაა.

მაშინ იუსტიციის საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ ალექსანდრე გზირიშვილი სკოლაში ნეპოტიზმით ჩაირიცხა, ვინაიდან კონკურსში სხვა, ბევრად კვალიფიციური კადრებიც მონაწილეობდნენ.

გზირიშვილმა სამოსამართლეო კარიერა 2020 წელს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიწყო.

2022 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

სხვა სასამართლო დავებზე, რომელშიც ერთ-ერთი მხარე მედია იყო, გადაწყვეტილებები ხელისუფლების სასარგებლოდ გამოვიდა.

მათ შორის: 

2024 წლის 5 მარტს „ტვ პირველს” დავა სააპელაციო სასამართლოში მოუგო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა. მან ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება, როდესაც არხს არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაუდგინა და 5 555 ლარის, ხოლო ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის გადახდა და სიუჟეტში ცნობების უარყოფა დააკისრა.

ასევე, 2022 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის და „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია “TV პირველისა” და ამ არხის გადაცემა “დღის ამბების” წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. კალაძე 100 ათას ლარს ითხოვდა.

მერის წარმომდგენლის თანახმად, 2022 წლის 5 ივნისს მაია მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. მერმა ჟურნალისტს სასამართლოში სწორედ ამის გამო უჩივლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2022 წლის განავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის –  „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.

ორგანიზაციის შეფასებით, დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად.

TI-მ მიუთითა, რომ სამწუხაროა სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის.