არ დასტურდება არცერთი ფაქტი, რომ ვინმეს შველა სჭირდებოდა და ეს ვერ მოხერხდა - მდინარაძე

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრი მამუკა მდინარაძე Facebook-ზე წერილს აქვეყნებს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც, იმ დროისათვის, შველა ჭირდებოდა და ვერ უშველეს”.

მისი თქმით, იმავე ღამეს, 3 აგვისტო, სტიქიის ზონა მთლიანად დაიფარა და სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო, ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოყვა.

„მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა. არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა ჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.

რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაშველების და ვერტმფრენების მისვლამდე მოუწიათ ჯერ სტიქიასთან ბრძოლა, შემდეგ დალოდება. თან არ იცოდნენ, განმეორდებოდა თუ არა მასის ჩამოწოლა და როგორც ყვებიან, იყო წარმოუდგენელი პანიკა…

რაც შეეხება დავით ჯელაძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისი ოჯახის წევრების, თავისი დისშვილის გადარჩენისათვის:

ის თავადვე ყვება, რომ მაშველებმა და მფრინავებმა ის და მისი ოჯახის წევრები იმ ადგილიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, ხოლო მისი დისშვილი მაშო მანამდე, მძიმე რისკის და არაადამიანური ძალის მოკრების ფასად, გადაიყვანა მეორე მხარეს, – ვიდრე მაშველები გამოჩნდებოდნენ. სოცქსელებში ამისი დამადასტურებელი ვიდეოც იძებნება.

ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყერის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა, “- წერს ის. 


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. მან ასევე თქვა, რომ სპეკულაციაა თითქოს შოვში „დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა“.