აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დასრულდა.
საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს კი – მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
27 აგვისტოს დასკვნითი სიტყვა თქვა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.
დაცვის მხარემ მიმოიხილა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ისაუბრა ბრალის დადგენილებასა და მოწმეთა ჩვენებებზე.
ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისი სიტყვა „კლასიკური“ არ იქნებოდა, რადგან მას სურდა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რომელიც გუშინ ციხეში, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მოინახულა, აეხსნა, რატომ დადის პროცესებზე. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მას ჰკითხა: „რა აზრი აქვს საერთოდ“.
„ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს თითოეული კომპონენტი“
გუჯა ავსაჯანიშვილმა საუბარი ბრალის შესახებ დადგენილებით დაიწყო. მან წაიკითხა ჯავახიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა ამბობს, რომ – 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ნიკოლოზ ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, პიროტექნიკური ნაკეთობიდან ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ადვოკატის თქმით, პროკურატურა ვერცერთი წარდგენილი მტკიცებულებით ბრალის შინაარს ვერ ადასტურებს. მან ბრალის დადგენილებიდან დეტალურად განიხილა თითოეული ფრაზა და აღნიშნა, რომ პირველი კომპონენტი, რომელიც ბრალდების მხარემ მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, თუმცა ვერ ადასტურებს, „აქტიური მოქმედებაა“.
„ბატონმა ვაჟამ და ბატონმა ვახტანგმა [პროკურორები] რაც დაწერეს, ან რაიმე ქმედება აღწერეს, თითოეული მათგანი უნდა დაგიდასტურონ“, – ეუბნება ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
ავსაჯანიშვილმა ჩამოთვალა ბრალის დადგენილებიდან სხვა კომპონენტებიც და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული და დადასტურებული.
„პიროტექნიკური ნაკეთობით ისროლა სამართალდამცველების მიმართულებით“ – შენ იმას კი არ გედავებიან, რომ პიროტექნიკა ისროლე, არამედ გედავებიან იმას, რომ სამართალდამცავების მიმართულებით ისროლე. ბატონმა ვაჟამ და ვახტანგმა, უტყუარად უნდა წარმოადგინონ, რითაც დადასტურდება, რომ სასმართალდამცავების მიმართულებით მოხდა გასროლა. ასევე კიდევ ერთი კომპონენტი, რაც უნდა დაგიდასტურონ არის „ახორციელებდა სხვა ძალადობრივ მოქმედებებს“.
უნდა დადასტურდეს ასევე, რომ საფრთხე შეექმა პოლიციელთა ან ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – თქვა ავსაჯანიშვილმა.
„არ დგინდება, რომ გასროლა მოხდა პოლიციელების მიმართულებით“
ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამა დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებები და აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დგინდება, რომ ფოიერვერკის გასროლა მოხდა ჰაერში და ის არ იყო მიმართული პოლიციელებისკენ.
ადვოკატის განცხადებით, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ქმედებით საფრთხე არ შექმნია პარლამენტთან მყოფ პირებს და მათ შორის, არ დაზიანებულა შენობა-ნაგებობები.
ადვოკატის შუალედური დასკვნა N1:
„ბრალდების დადგენილებაში მითითებული ქმედების შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი, კერძოდ, გასროლა სამართალდამცავის მიმართულებით, არ დადასტურებულა საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ ორგანიზებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გასროლა იყო ჰაერში და არა სამართალდამცავების მიმართულებით“.
გუჯა ავსაჯანიშვილმა ისაუბრა ბრალში მითითებულ კიდევ ერთ კომპონენტზე – „სხვა ძალადობრივი მოქმედება“.
როგორც მან აღნიშნა, „ბრალდების მხარეს არათუ მტკიცებულება, არამედ ფურცელზე შედგენილი პატაკიც კი არ წარმოუდგენია, რომლითაც არათუ ადასტურებდა, არამედ იმსჯელებდა მაინც, რომ ახორციელებდი სხვა ძალადობრივ ქმედებას“, – მიმართა ჯავახიშვილს.
დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ირიბი მტკიცებულებაც კი, რაც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ძალადობრივ მოქმედებას დაადასტურებდა.
ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ პოლიციელების ან სხვა პირთა მიმართ საფრთხის შექმნის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საფრთხე შეუქმნა სამართალდამცავთა და ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ადვოკატმა ერთ-ერთი მოწმის ჩვენება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: „ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჰიპოტეტურადაც რომ სდომოდა ფოიერვერკის მორტყმა სამართალდამცავისთვის, აღნიშნულს ვერ შეძლებდა, რადგან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილიდან ძალიან დიდი დაშორებით იყვნენ, დაახლოებით, 300-დან 500 მეტრში, ასევე, ფოიერვერკი ჰაერში ფეთქდებოდა“.
„ქონების დაზიანება არ დასტურდება”
დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა შეაჯამა დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, სადაც ისინი დაზიანებული ქონების შესახებ საუბრობენ. როგორც გუჯა ავსაჯანიშვილმა აღნიშნა, „არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ პარლამენტის შენობა ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ქონება დაზიანდა უშუალოდ 28 ნოემბერს. ნიკოლოზ ჯავახიშვილი კი იმყოფებოდა რუსთაველის თეატრთან, რაც დაადასტურა საქმის მთავარმა გამომძიებელმა“.
„პროკურატურა ვერ უთითებს როდის დაზიანდა, 28ში, 29ში, თუ სხვა დღეს“, – თქვა მან.
ადვოკატმა ასევე ისაუბრა ვიდეოს დათვალიერების ოქმსა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზეც.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ ვიდეოში ნიკოლოზ ჯავახიშვილი ნამდვილად ჩანს. მან პროცესზე ვიდეოდან ე.წ. სქრინები და უშუალოდ ვიდეოც აჩვენა, იმის დასტურად, რომ ვიდეომტკიცებულებაში პოლიციელები არ ჩანან და ჯავახიშვილის მხრიდან გასროლა ჰაერში ხდება.
„ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჰაერში ისვრის [პიროტექნიკას]. აქედან გამომდინარე, ბატონო მოსამართლევ, ვერც საფრთხე ვერ შეუქმნა ვერავის, არც არავინ დაუზიანებია და არც ქონება დაუზიანებია“, – თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარის მოწმეებმა, რომლებმაც დაზიანება მიიღეს, პროცესზე თქვეს, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე იდგნენ, რუსთაველის გამზირის კვეთაზე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი კი რუსთაველის თეატრთან იმყოფებოდა.
შესაბამისად, დაცვის მხარის განცხადებით, დაზარალებულმა პოლიციელებმა სულ სხვა ადგილზე მიუთითეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილი კი საერთოდ სხვა ადგილას იდგა.
შეჯამების სახით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილს ამ საქმეში ჰყავს 6 მოწმე, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი მოქმედებები არ იყო საფრთხის შემცველი და პიროტექნიკის გასროლა არ მომხდარა არც ადამიანების და არც შენობა-ნაგებობების მიმართულებით.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, როგორ მოხდა მის ხელში ფოიერვერკი და განმარტა, რომ მან ძირს დაგდებული ფოიერვერკი აიღო, სხვას რომ საფრთხე არ შექმნოდა და ჰაერში მოხდა მისი გასროლა.
ასევე, დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ნიკოლოზ ჯავახიშვილს რეალურად არ ჩაუდენია, შესაბამისად, ის უნდა გამართლდეს. ბრალდების მხარემ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი ისროდა ფოიერვერკს პოლიციის მიმართულებით, ვინმეს რაიმე საფრთხე შეუქმნა, ან დააზიანა“, – თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.