ჰელსინკის კომისია ავრცელებს წერილს, რომელშიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები, ასევე შვედეთის დელეგაციის წევრები პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვას „ქართული ოცნება“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე პორტუში გაიმართება.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ლუის მონტენეგროს სახელზე გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წევრებისთვის ეუთოს სესიაზე მონაწილეობის უფლების მიცემა მათ რეპრესიულ მმართველობას ლეგიტიმაციასა და ისეთ პლატფორმას მისცემს, რომელსაც არ იმსახურებენ.
„მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, უარი უთხრას ვიზებზე ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრების მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობა სისტემატურად ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას – მონაწილეობს ფართომასშტაბიან საარჩევნო გაყალბებაში, ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტებს და აპატიმრებს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც მისი ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან.
მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა მხარდაჭერასა და დაცვას პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ცდილობენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრება მათ რეპრესიულ მმართველობას ლეგიტიმაციას და ისეთ პლატფორმას მისცემს, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ.
მათი მონაწილეობა ძირს გამოუთხრის ეუთოს პრინციპებს და არასწორ გზავნილს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
პორტუგალიამ, როგორც დემოკრატიული იდეალების ურყევმა დამცველმა, მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და მათი შესვლა აკრძალოს“, – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერს OSCE PA-ში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, უკრაინისა და შვედეთის დელეგაციების 28 წევრი.