დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე ე.წ კლანის მოსამართლე დიმიტრო გვრიტიშვილმა „ვეტინგის” საწინააღდეგო პრეზენტაცია ჩაატარა.
„არ დავდგეთ ცალ ფეხზე” – ეს იყო მისი ერთ-ერთი მოწოდება.
დიმიტრი გვტირიშვილმა ახსენა ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს” ეწინააღმდეგება.
გვრიტიშვილმა ასევე ისაუბრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ზოგ შემთვევაში კი მათი „ფეისბუქ-პოსტებიც” წარმოადგინა, რომლებშიც ასევე „კლანი” იყო გაკრიტიკებული.
„კლანის მოსამართლეების” მტკიცებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, „მოსამართლეები სასამართლოდან გაყარონ და დაიქვემდებარონ”.
კონფერენციაზე შეკრებილმა მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მათთვის შემაშფოთებელია მოსამართლეთა კეთილსიდისიერების შემოწმება, ვინაიდან ის ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას”.
„ვეტინგი” ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. ის უნდა შეეხოს არა ყველა მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს, დაახლოებით 60 მოსამართლეს.
თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება და „კლანის მოსამართლეების” მტკიცებით, „ვეტინგი” აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს შეეხება.
„ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, ისე – სასამართლოების ლიდერები – ის პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.