„ლექსოს ხსოვნისთვის – არ დავიშალოთ, სანამ ხელისუფლება არ გადადგება“, – მიმართა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისულ მოქალაქეებს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.
„ძალიან დიდი მადლობა ყველას – ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზციებს, ვინც გვერდში გვიდგას. მაგრამ ყველაზე მძლავრი იარაღი არის აი, ამ ტრიბუნაზე და ეს იარაღი ქართველ ხალხთან ერთად სახლში გაუშვებს მოძალადე დამნაშავეებს.
მე ვფიქრობ და მოგიწოდებთ ყველას, ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამობრწყინდეს ლექსოს მზე. ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, სანამ ხელისუფლება არ გადადგება“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „გადადგეს მკვლელი მთავრობა!“ – ამ მოწოდებით აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ „TV პირველის“ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.