თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის ნაწილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეიდან დაიწყო უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებამდე და, მელიას სიტყვებით, „მიტაცებული არჩევნების დაბრუნებამდე“ არ დასრულდება.
ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აქციები იქნება, სანამ:
- „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით;
- მერე არ იქნება გათავისუფლებული;
- არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.
მელიას განცხადებით, ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის და ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს, მოუწოდა, გავიდნენ საპროტესტო აქციაზე.
„არ დავიშლებით. თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება მანამ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებთ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი, პირველ რიგში, და მერე არ გაათავისუფლებენ.
არც ერთი მსურველი გლდანის ციხეში აქციის გამართვისა! მე, როგორც თქვენი მეგობარი, გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები და უმძიმესი დამნაშავეები, კანონიერი ქურდები ჰყავთ, შეიყვანეს სააკაშვილი და იქ აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნებისთვის“, ბუნტის ინსცენირება რომ მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე ასე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია შემოგვაწმინდოს ტანზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საკრებულოს შენობის წინ, სადაც სცენაა გამართული, გამომსვლელი დღეს აღარ იქნება. მან აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ახლა ძალიან მშვიდად ყველამ უნდა გადავინაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის კანცელარიის… ეგრეთ წოდებული, თორემ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაცია. ინგოროყვასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩით. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ გვერდით მყოფ ადამიანს, რომ პროვოკაცია მოეწყოს. ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს. ჩვენი მიზანი და ამოცანა არაა, სადმე შევიჭრათ. არაფერი გვესაქმება იქ და არ ავუხდენთ ამ ოცნებას ივანიშვილს, მაგრამ დედაქალაქის ქუჩებში ბრძოლის ყიჟინა იქნება მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაგვიბრუნებს უკან მიტაცებულ სახელმწიფოს, – განაცხადა მან.
ენმ-ის ლიდერის განცხადებით, ხვალ დილიდან აქცია პარალელურად რამდენიმე წერტილში გაიმართება, მათ შორის – იუსტიციის სამინისტროს შენობასთან.
„პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი, მძლავრი საპროტესტო აქციის გამართვისა – იქ ბატონი ღარიბაშვილი თუ შიგნით არის, ვერ გამოვა; თუ არ არის, ვერ შევა; – პარალელურად ხვალ დილის 10 საათზე გავშლით დამატებით წერტილებში აქციებს, ამ ყველაფრის პარალელურად გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან აქცია და ასე აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ექიმთა კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა.
ამ დრომდე უცნობია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა პირობებში მოხდა მისი ჰოსპიტალიზება. როგორც ცნობილია, გლდანის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები არიან მისული.
26 ოქტომბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სახელით განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის წინააღმდეგია გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩამი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ამბობდა სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა და თავდაპირველად დაასკვნა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მეორე შემოწმების შემდეგ კი განაცხადა, რომ კლინიკაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და ასევე გამოწვევად რჩება გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.