„არ დავუშვებთ, ეს არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში“ - გომელაური დმანისის მოვლენებზე

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის გუშინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესად გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ ცდილობენ ახლა … არ მინდა,  ვახსენო რომელიმე ძალები და ჯგუფები – ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეთნიკური აზრებაიჯანელები და ქართველები ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე. ჩვენი ძმები არიან ყველანი და ამას არ დავუშვებთ პირველ რიგში. დაისჯება ყველა. ეს არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით. ძალიან სწრაფად შეიკრიბა ხალხი და სწრაფად მოხდა ქაოსური მდგომარეობის შექმნა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, მიუხედავად პოლიციის მობილიზებისა, არსებული ძალები არ აღმოჩნდა საქმარისი, ამიტომ უწყებამ დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა ქალაქში, რის შემდეგაც, მინისტრის თქმით, განიმუხტა სიტუაცია.