არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას - დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები

პუბლიკა

ონლაინმედიების რედაქტორები მართავენ საგანგებო პრესკონფერენციას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უკან დააბრუნოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და ის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება.

ორგანიზაციები მოვუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ „შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა.“

„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა.

რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს; რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოვნებას“ „შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა“,- ნათქვამია დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.