„არ ესიამოვნათ ოპოზიციაში ჰააგის სასამართლოში ამ საქმის მოგება ერთი მარტივი მიზეზით – ეს საქმე მოიგო „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და თან ძალიან მძიმე ფონზე, როდესაც მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც მითითებულია რომ თურმე ქართულმა ჯარმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ამბობს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საკმაოდ რთული საქმე მოიგო.
„ამ ფონზე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საკმაოდ რთული საქმე მოიგო. აქ მთავარი რაც არის დაფიქსირებული ისაა, რომ ქართველ ჯარისკაცს იქ ომის დანაშაული არ ჩაუდენია. მხოლოდ გმირობა გამოავლინეს ქართველმა ჯარისკაცებმა, ეს ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა იმ მოტივაციით, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ქართული ჯარის რეპუტაციასა და ღირსება, მაგრამ მათ რომ უნდათ სხვა რამეზე ამ ყველაფრის გადატანა და იმის ჩვენება თითქოს სააკაშვილი გაამართლა ჰააგის სასამართლომ – საერთოდ არ უმსჯელია ჰააგას ამ საკითხზე. შესაბამისად, ის დანაშაული რაც მათ აქვთ ჩადენილი, საერთოდ ვერ ქარწყლდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სიმართლემ გაიმარჯვა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგანაც გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, – წერია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.