„მინდა მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან“,- ასე მიმართა პრეზიდენტმა სამართალდამცავ უწყებებს დღევანდელ ბრიფინგზე.
„ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი“ დაუსჯელი არ დარჩება. მან ასევე სამართალდამცავებს მოუწოდა ძალადობას უპასუხონ „ევრუპილზე მაღალი სტანდარტით.“
დღეს, 12 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები პარლამენტთან მორიგ მასშტაბურ აქციას აანონსებენ და გეგმაში აქვთ ღამე პარლამენტთან გაათიონ იმისატვის, რომ ხვალ პარლამენტში მოსულ დეპუტატებს პროტესტით დახვდნენ.