„მოვუწოდებთ ოცნებას, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
დაუშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
„არაერთი რეგიონული ცენტრი, არაერთ წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოში ჩვენი ხმა იქნება გადამწყვეტი ნებისმიერი, მათ შორის მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესში. მუნიციპალიტეტებში ოცნებამ უკვე დაიწყო ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები. რეალურად ხელისუფლება ცდილობს ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები“, – ამბობს დაუშვილი.
მისივე განმარტებით, მუნიციპალური ბიუჯეტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც, მისივე თქმით, ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის, ადამიანების პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების პრიორიტეტებისა და საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტებში, სხვადასხვა მიმართულებებით.
„როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც ასევე ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მუნიციპალური ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპიროვნულად ოცნების საკრებულოების მიერ, ვინაიდან უკვე განხორციელდა თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება“, – ამბობს დაუშვილი.
ასევე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები, რათა აღნიშნული საკრებულოები შეუდგნენ მუშაობას, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და მათ დამტკიცების პროცედურებს.
დაუშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტების განხილვის და დამტკიცების პროცედურები დაჩქარებული წესით დაწყებული არის არაერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად სამეგრელოს არაერთ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში და ა.შ.
„პირველი სხდომის მოწვევის ვადა არის 30 დღე საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან, თუმცა, ჩვენ ხომ ახალ რეალობაში ვართ, არაერთ მუნიციპალიტეტში და არაერთ საკრებულოში ოცნება ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილებით ეს ბიუჯეტების დამტკიცება და სხვა გადაწყვეტილებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მრავალპარტიული კონსესუსის საფუძველზე.
შესაბამისად, რასაც დღეს ოცნება აკეთებს, არის ის, რომ ახალი საკრებულოების შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მოასწროს ბიუჯეტების დამტკიცება, იმისათვის, რომ ისე გააკეთოს როგორც თვითონ უნდა, ამით კიდევ ერთხელ აიგნორებს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომლებმაც თქვეს, რომ მინიმუმ 7 საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს კონსესუსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად ოცნების მიერ“, – აღნიშნა დაუშვილმა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკოს ინფორმაციით, ჯერჯერობით ცნობილი არაა როდის მოიწვევს პირველ სხდომებს ცენტრალური კომისია, ამისთვის კომისია აქვს ვადა 13 დეკემბრამდე, რადგან შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებისთვის კანონით განსაზღვრულ ვადებს, კანონმდებლობის მიხედვით, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.
ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.