ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა.
„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ!“ – ეწერა ქაღალდზე, რომელიც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომის დასრულების შმდგომ, დარბაზის დატოვებისას უჩვენა შეკრებილ საზოგადოებას.
2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები.“
მომდევნო სხდომები 9 და 23 ივნისსაა დაგეგმილი.
სხდომაზე გამოიკითხა დაცვის მხარის მოწმე ქირურგი-იმპლანტოლოგი, თათია ანდღულაძე.
სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძის რეაქციაზე მან თქვა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა ტკივილის ფიზიოლოგიური რეფლექსები, რაც შესაძლოა გამოხატულიყო მიმიკით ან მოძრაობით.
მოწმის თქმით, სილის გაწვნის შემდეგ დგებუაძის რეაქცია მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის იყო.
„სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს? ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ანუ თუ მე სახის არეში დამარტყამენ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი [ტკივილის] ეს არის, ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას… ამ ვიდეოში რას ვხედავთ, მზიას ამ სილის გაწვნის შემდეგ, ბატონ ირაკლის მხოლოდ და მხოლოდ აღენიშნება ერთი რეაქცია – ეს არის თავდაცვა, თუ ხედავთ კადრში, უკან იხევა… ამ ვიდეოების მიხედვით პაციენტს არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეფლექსები… თქვენ მე რომ ხელი დამარტყათ, თუ მეტკინა, აუცილებლად რაღაც დამეტყობა, ან მიმიკა, ან მოტორული რეაქცია ან სხვა ტიპის…”, – აღნიშნა მან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ექიმისთვის პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა სუბიექტურ ტკივილზე დაყრდნობით საკმარისი არ არის და მას შესაბამისი ნიშნები უნდა ახლდეს.
„თუ ექიმი, ნებისმიერი პროფილის, მხოლოდ პაციენტის სუბიექტურ ტკივილებზე დაყრდნობით დაუსვამს დიაგნოზს პაციენტს, მერწმუნეთ, რომ ის პაციენტი ვერ განიკურნება. მხოლოდ ადამიანი გეუბნება, რომ მტკივა, ეს არ არის [საკმარისი]. მას თან უნდა ახლდეს რაღაც ნიშნები.
მერე ვერ განვითარდება, თუ დარტყმის ძალა, ინტენსივობა ძლიერია, ორ წუთშივე აისახება სიწითლე სახეზე და მერე აუცილებლად დამიტოვებს [კვალს], თუ ძლიერია, დაზიანება უნდა იყოს, ალბათ”, – თქვა მან.
ამასთან, მან მიუთითა ის მახასიათებლები, რაც გარტყმის შემდეგ ფერმკრთალ კანს უნდა ახასიათებდეს და აღნიშნა, რომ ირაკლი დგებუაძის კანი კადრებში ერთგვაროვანი იყო.
„თუ კანი გაწითლდა, ფერმკრთალი კანის შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ კაპილარული ქსელი გააქტიურდა და მან აუცილებლად უნდა დატოვოს კვალი. ისევე, როგორც ნერვული სტიმულაცია, ანუ ნერვული ინტენსივობა მუშაობს ამ პრინციპით: ყველაფერი ან არაფერი. გტკივა? მაშინ ტოვებს კვალს…
ამ შემთხვევაში, ბატონი დგებუაძის კანი ერთგვაროვანია და მე რას ვამბობ, იცით? ბიოლოგიას ეწინააღმდეგება პაციენტის ნათქვამი ასეთ დროს და როცა ბიოლოგიას ეწინააღმდეგება, როცა ობიექტური ნიშნები არ მაქვს ხოლმე პრაქტიკაში, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკვე ვიწყებ ფიქრს სიმულაციაზე”, – განაცხადა მოწმემ.
დაცვის მხარის მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თუ დარტყმა ძლიერი იყო, სიწითლე მალევე, დაახლოებით, 2 წუთში უნდა ასახულიყო და დაზიანება დაეტოვებინა.
სხდომაზე ასევე გამოიკითხა „ბათუმელების” ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავების საღამოს ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირი ეთერით გადასცემდა იქ მიმდინარე აქციას.
მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი აქციებზე არ დადიოდა, გარდა ერთი გამონაკლისი შემთხვევისა, როცა 16 დეკემბერს „ბათუმელების” ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს პირდაპირ ეთერში ეჩხუბებოდა ირაკლი დგებუაძე და რედაქციიდან მასთან წავიდნენ. მისი თქმით, ამ დროს გრიგოლ ბესელია ეთერ თურაძეს დაჭერით დაემუქრა.
„მზია არ დადიოდა აქციებზე თუ არ ჩავთვლით, ძალიან იშვიათი გამონაკლისებს და ერთ-ერთი ასეთი იშვიათი გამონაკლისი იყო 16 დეკემბერი, როცა ლაივში ჩემს თანამშრომელს, ჯაბა ანანიძეს ეჩხუბებოდა ირაკლი დგებუაძე და შეგვეშინდა არ დაეჭირათ, ყველა გავიქეცით რედაქციიდან და მერე, გრიგოლ ბესელია დაემუქრა ეთერ თურაძეს, რომ დაგიჭერ. ეთერი არ დაიჭირა მაგრამ…”.
16 მაისს გამართულ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. მან 12 იანვარს ექსპერტიზა ჩაუტარა როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე, მზია ამაღლობელს და სამედიცინო დასკვნა გამოსცა.
გივი ჩხარტიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ეს დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მანვე ისაუბრა „სიწითლეზე“. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, ის არ შეუფასებია და არ აუსახავს დასკვნაში. აქვე მოწმემ აღნიშნა, რომ არ ახსოვს, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზის ჩატარების მომენტში სიწითლე, თუმცა ამის მიუხედავად, ამას დასკვნაში, სავარაუდოდ, არ მიუთითებდა.
ამასთან, ჩხარტიშვილმა თქვა, რომ შემოწმების მომენტში ირაკლი დგებუაძე უჩიოდა „სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის მიდამოს არეში“, თუმცა მისი თქმით, ტკივილის მცნება არის სუბიექტური ხასიათის, შესაბამისად, მას ვერ შეაფასებდა.