„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - კობახიძე მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

„განაცხადა: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით.

მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში ყოფნის მოტივით მელია აკოტრებდა კერძო ბანკს; 2019 წელს ორგანიზებას უწევდა პარლამენტში შეჭრას; საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორგანიზებას უწევდა ცესკოში შეჭრას; იყო პარლამენტის საბოტაჟის ინიციატორიც და კობახიძის თქმით, ასევე, იმუქრებოდა ძალადობრივი რევოლუციით.

კობახიძის თქმით, სამაჯურის გადაგდებით მან შეურაცხყო სახელმწიფო, ასევე იმით, რომ არ გადაიხადა გირაო და ამის შემდეგ დაინიშნა ენმ-ის თავმჯდომარედ.

„სამწუხაროა რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო. სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა.

დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა რომ თანამედროვე ბოლშევიკები მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს და პოლიციელებს. მისი თქმით, „საკმაოდ რთული ოპერაცია“ სანიმუშოდ და ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარდა.