„არ გადამდგარა თამარ ჟვანია, აგრძელებს თავის საქმიანობას”, – ამის შესახებ „პურლიკას” ცესკოს პრესსამსახურში განუცხადეს.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის შესახებ facebook-სტატუსი დაწერა „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ.
„თამარ ჟვანიაც გადადგა. ნაწილ-ნაწილ მიდიან ეს შობელძაღლები”, – წერს უგულავა.
ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, აკაკი კობალაძე ამბობს, რომ მასაც მიაწოდეს ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ.
„ჯერჯერობით და დღესდღეობით ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ ცესკო გახდა ერთპარტიული და ცესკოს სხდომებს არავინ არ ესწრება. დილით დამირეკეს და მითხრეს ასეთი რაღაცა, რომ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია ასეთი რაღაცის, რომ თამარ ჟვანიამ დაწერა განცხადება და წავიდა”, – ამბობს ის.