ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ბოლო წლებია საქართველო პოზიცია, რომ მას სურს რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დასავლური საზოგადოების აღქმაში საგრძნობლად დაზიანდა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მედიაპროექტ „სასაზღვრო ზონის“ მოწყობილ დისკუსიაში ისაუბრა.
კუბილიუსის თქმით, მას პირად საუბრებში არაერთხელ უცდია, აეხსნა ხელისუფლებისთვის, რა შეცდომებს უშვებენ, რადგან მათი ნაბიჯები აზიანებს როგორც „ქართული ოცნების“, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.
მათ შორის, კუბილიუსის თქმით, ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯს აზიანებს ოპოზიციის მიმართ რადიკალური, ბრუტალური ენის გამოყენება, ევროკავშირისადმი მიცემული დაპირებების შეუსრულებლობა, შარლ მიშელის შეთანხმებაში დასახელებულ პუნქტებზე უარის თქმა და უარი რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ფინანსური დახმარებისთვის.
„ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად ქვეყანას. ეს მართლაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სურვილსა და მისწრაფებას შეუერთდნენ ევროკავშირსა და NATO-ს. ამაზე მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ.
არ გამიკვირდება, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში ან რეალური ინტეგრაცია ევროკავშირში, რადგან ამ ორივეს შეთავსება ძალიან გართულდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.
კუბილიუსის თქმით, ის პირად საუბრებში აკრიტიკებს ოპოზიციის წევრებსაც, რადგან პირადად მიაჩნია, რომ საჭიროა, ოპოზიცია დაფიქრდეს თავის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე, გაიაზროს მოსახლეობის პრობლემები და სურვილი.
ევროპარლამენტარი ჰყვება, რომ ურჩევს ოპოზიციას, საფუძვლიანად გააანალიზოს თავისი მოქმედების სტრატეგია, გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები. კუბილიუსის თქმით, მას მიაჩნია, რომ ქუჩაში გამოსვლებით ოპოზიციამ ვერ შეძლო ამომრჩევლის გულის საკმარისად მოგება და საჭიროა, სხვა ნაბიჯებზეც დაფიქრდეს.
ასევე, დისკუსიაში კუბილიუსმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე, გააკრიტიკა ხელისუფლება და მოუწოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭიროა, შიმშილობა შეწყვიტოს.
„არ ვფიქრობ, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს ქცევას, ამისი არ მჯერა.
მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, რომ მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს. მე ვეტყოდი მას, რომ შიმშილობით უკვე მიაღწია ბევრს, ყურადღების ცენტრში დააყენა ის, თუ რა ხდება დღეს საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის სურვილია, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა კუბილიუსმა.