არ გამოვრციხავ პრეზიდენტის რამე ფორმით მედიატორობას პოლიტიკურ ჯგუფებს შორის - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დღის თემასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას ჰქონდა იმედი, რიგგარეშე სესია შედგებოდა.

ის ამბობს, რომ როცა სესიის მოწვევას ხელი მოაწერა, მოუწოდა ოპოზიციას, რომ სრული მონაწილეობა მიიღოს „ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში, რადგან დეპოლარიზაცია ორივე მხარის მიერ ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, მეორე მხარის [უმრავლესობის] შემხვედრი კარგი ნაბიჯი ამ სესიაზე თანხმობის გამოცხადება იქნებოდა.

„მე არ ვფიქრობდი, რომ „ოცნება“ დათანმხდებოდა სესიაზე და დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიცია შევა სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ ერთი ნაწილი უკვე შესულია, კიდე სხვა პარტიებისგან მესმის, რომ, შეიძლება, შევიდნენ, ჯერ არა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არ გავიმეოროთ შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევა, როცა ყველა მზად იყო ენმ-ს გარდა და რახან ენმ არ შემოდის, მაშინ უნდა „გადავაგდოთ“ ყველაფერი? დავიწყოთ მუშაობა, ვინც მზადაა დეპოლარიზაციისთვის და არის ბევრი საქმე გასაკეთებელი.

კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე  მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილეობდეს ამ ჯგუფებში, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში არ გამოვრციხავ პრეზიდენტის რამე ფორმით მედიატორობას. უცხოელების ჩართულობა აღარ იქნება და მე მზად ვარ ამისთვის, თუ მომწიფდება მდგომარეობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.