„არ გამოვრიცხავთ“ - ელისაშვილი „ოცნებასთან“ ცალკე მოლაპარაკებებზე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე ცალკე დასხდნენ, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ეს მათ არ სურთ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა ელისაშვილს ჰკითხა, დასხდებიან თუ არა ცალკე მოსალაპარაკებლად „ოცნებასთან“, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები ჩაიშლება.

„არ გამოვრიცხავთ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივი იქნება მერე „ქართული ოცნებისთვის“ ჩვენი გადაგდება და მოტყუება, ვიდრე ელჩების თანდასწრებით, რასაც ვერ იზამენ. ან, ძალიან რთულად თუ იზამენ. რა თქმა უნდა, გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ, გაცილებით კომფორტია, რომ ელჩები იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ამიტომ არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს. სხვა გზა თუ არ დაგვრჩა და აქეთ ერთი მხრივ, ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და მარტო რევოლუცია, რევულაციაო და ავამღვრიოთ წყალიო, იძახა, მეორე მხრივ, თუ „ქართული ოცნებაც“ არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი“. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მეხუთე რაუნდი – განაცხადა ელისაშვილმა.