„არ გაპატიებთ, არ დავივივწყებთ, გიპოვით და გაზღვევინებთ“ - ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდამსხმელებს

პუბლიკა

„მივმართავ მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა და მათაც, ვისაც სურს, ამერიკას ავნოს: ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივივწყებთ, ჩვენ გიპოვით და გაზღვევინებთ. მე დავიცავ ჩვენი ხალხის ინტერესებს ნებისმიერი საჭირო ბრძანების გაცემით“, – ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სპეციალური მიმართვის დროს, რომელიც ქაბულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გაიმართა.

როგორც მიმართვისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, ამერიკა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იმოქმედებს.

ბაიდენმა ტერაქტის  დროს გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ის „მუდმივ კავშირშია სამხედრო ლიდერებთან“ ქაბულში. ბაიდენის თქმით, ამერიკელებისა და ავღანელი მოკავშირეების მიმდინარე ევაკუაცია „ტერორისტების გამო არ შეფერხდება“.

პრეზიდენტმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარს „საზარელი თავდასხმა” უწოდა და თქვა, რომ, თუ საჭირო გახდება, ადგილზე დამატებით სამხედრო ძალას გააგზავნის.

„მე ვუბრძანე ჩვენს მთავარსარდლებს, შეუტიონ „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივებს. ჩვენი საპასუხო ქმედება იქნება ისეთი სიზუსტის, იმ დროს და ისეთ ადგილას, რასაც ჩვენ ავირჩევთ… რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იცავს თავის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შესახებ. მისი თქმით, ეს „უკიდურესად საშიში მისია იყო“. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკა ეცდება 31 აგვისტოს შემდეგაც არსებული სიტუაციის შესაბამისად ავღანეთიდან გამოიყვანოს ისინი, ვისაც ამის სურვილი ექნება.


ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გარდაცვლილებს შორისაა დაჯგუფების 28 წევრი. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 150 დაშავებულზე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.