არ გავითვალისწინებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილ შენიშვნებს, დავძლევთ ვეტოს - მდინარაძე

პუბლიკა

„ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს, რომელიც ხაზარაძის პარტიის მავნებლური გეგმის შემობრუნების ბოლო უშედეგო მცდელობაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ცესკოს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და ცხრა ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უდავო ფაქტებისა, ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა, ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ.

თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექსს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია როგორც სწორ, სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას, ასევე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, აცდენილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც წეღან ვახსენე“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, მათი მხრიდან შესრულდება 9 დათქმიდან ერთ-ერთი, „რომელიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.“

5 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.